არტ ვილა - საუკეთესო გარემო ქუჩის პერფორმანსისთვის

08.10.17

ADO Collective - ბაქოში ბაზირებული აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი თეატრია, რომელმაც   გარიყულას ოთხდღიანი რეზიდენციის ბოლოს,  სამი პერფორმანსი აჩვენა არტ-ვილის ეზოში, Fest I Nova – “კომუნიკაციის ელემენტების” ფარგლებში.

სამიდან  ერთი  - Kerpic („აგური“) არტ ვილაში შეიმქნა. დანარჩენი ორი კი ემოციურად გამრავალფეროვნდა არტ-ვილის გარემოს გავლენით. ეს გარემო - როგორც შენობის ექსტერიერი, ასევე, ეზოში კონსტრუირებული ძველი ინსტალაციები -    სცენოგრაფიის ახალ ელემენტებად გადაიქცა პერფორმერებისთვის.

ემოციურად ყველაზე ძლიერი მუხტის კომპოზიცია WOMAN’S VOICE („ქალის ხმა“), კულმინაციის მომენტში,  2015 წლის ფესტივალის  მავთულებისგან გაკეთებულ ინსტალაციაში მიმდინარეობდა. (ინსტალაციის სახელწოდება „ტვინი“. ავტორი - ნოდარ ჩარკვიანი) ამგვარმა სცენოგრაფიამ ერთი-ორად  გააძლიერა მაყურებელზე პერფორმანსის ზემოქმედების ძალა. პროტაგონისტი -  მარტოსული ქალი (აითან ალიევა), მავთულის ბადეში აქეთ-იქეთ აწყდება და  მოძალადე შეყვარებულს ევედრება არ მიატოვოს.

გარიყულაში შექმნილი პერფორმანსი სახელწოდებით Kerpic („აგური“)  არტ-ვილის შენობის ფონზე იყო ნაჩვენები, რომლის წინ, ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანელმა არტისტებმა ტრანშეები გათხარეს და წყლით აავსეს.

ნამუშევარი წარმოადგენს უსასრულო, უაზრო, დამქანცველი და მოსაწყენი შრომის მეტაფორას: არტისტები განყენებული გამომეტყველებით , ადგილზე დადიან ტალახში. პროტაგონისტიც  (ისკრა ტარანი) ტალახში ზის და აგურებს ზელს.  მოქმედებას აკომპანირებას უწევს ეროვნულ საკრავზე - ქამანჩაზე შესრულებული იმპროვიზაცია და ქვაზე რიტმული დარტყმები.

მესამე ნამუშევარი - HAMAM არტისტმა ელზა ფურტადომ არტ-ვილის კოშკის როტონდაზე „აიტანა“.  ქალი წითელი ტაშტით და საპნით,  გვერდზე დახრილ, ფარღალალა როტონდაზე  ისტერიულად იხეხავს ტანს და ჭუჭყს იშორებს.  პერფორმანსის ბოლოს, კი,  ნარეცხი წლის სავსე ტაშტს საკუთარ თავზე გადმოცლის და ნელა გაუჩინარდება შენობაში.

ADO Collective-ის  ნამუშევრები ბოლოა  პერფორმანსების სერიიდან, რომელიც წინ უძღვის Fest I Nova’ – “კომუნიკაციის ელემენტების” შემაჯამებელ გამოფენას. ერთი კვირით ადრე, ერინ მონტანესმა  ამერიკულ პავილიონში მოაწყო 24 საათიანი უწყვეტი პერფორმანსი სახელწოდებით  LABOR OF LOVE („საყვარელი საქმე“). მის ნამუშევარს კი წინ უსწრებდა ცირკის არტისტების საერთაშორისო ჯგუფის მიერ ნაჩვენები SPLIT IN („განხეთქილება“), სადაც, ADO Collective-ის მსგავსად, საუკეთესოდ იყო ათვისებული არტ-ვილის გარემო, ძველი ინსტალაციები და დამხმარე ნაგებობები.

ADO Collective-ის შესახებ:

ADO Theatre-Collective - პირველი დამოუკიდებელი თეატრი აზერბაიჯანში; წარმოადგენს კლასიკური თეატრის ტრადიციებისგან განსხვავებულ თანამედროვე სცენას; ჩამოაყალიბა ელმინ ბადალოვმა 2013 წელს, სახელწოდებით ODA Theatre, რომელმაც ორი წლის შემდეგ,   მისი ამჟამინდელი სახელწოდება მიიღო.

ADO Collective ახალ ფორმებს ეძებს საშემსრულებლო ხელოვნებაში.  ის,  ექსპერიმენტსა და ინოვაციაზე მიმართული,  ჯერჯერობით ერთადერთი ალტერნატიული სივრცეა აზერბაიჯაულ თანამედროვე ხელოვნებაში.

კოლექტივი უმეტესად ქუჩის პერფორმანსებს ქმნის, რაც აზერბაიჯანისთვის სრულიად ახალი მოვლენაა და აწყობს ტურებს, როგორც  ქვეყნის მასშტაბით, ასევე - მის ფაგლებს გარეთ. (ქუჩის თატრების საერთაშორისო ფესტივალი ორიაკში - 2015 და 2017 წლის აგვისტო;  „მოძრაობის თეატრი”, Tilde,  DIVEx  „ფაბრიკა“ თბილისში.

კოლექტივი იმონაწილეობსა იღებს საერთაშორისო ფესტიველბში.  ცოტა ხნის წინ, მიწვეული იყო Bacool Arts Festival-ზე.

Fest I Nova’17 –კომუნიკაციის ელემენტების ფარგლებში, ADO თეატრმა წარმოადგინა გარიყუყლაში შექმნილ კომპოზიციას Kərpic.  ასევე - ორ მოკლე პერფორმანსი: WOMAN’S VOICE („ქალის ხმა“)   და HAMAM (“ჰამამი”) 

 

უკან დაბრუნება