Labor of Love

29.09.17

ამერიკელი კურატორის, ერინ მონტანესის 24 საათიანი პერფორმანსი არტ-ვილა გარიყულას „ამერიკულ პავილიონში“ მედეას პერსონაჟითაა შთაგონებული. პერფორმანსის დროს შექმნილი ფოლიანტი , ხელოვანის სიტყვით,  მითო-შემოქმედებაცაა  და,  ამავე დროს - ურთიერთობის  გადარჩენის მცდელობა.

 

ერინ მონტანესი - ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდა  კურატორი, ხელოვანი და მკვლევარია ამერიკის შეერთებული შტატებიდან.  ბოლო პერიოდში, მისი ინტერესის სფეროში შემოვიდა პერფორმანსის ხელოვნება, მითოლოგია და ინდური ესთეტიკა.

ძმებ ზდანევიჩების სახლობის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალის - Fest I Nova’17 - კომუნიკაციის ელემენტები-ს ფარგლებში, მან ერთი თვე გაატარა არტ-ვილა გარიყულას რეზიდენციაში, სადაც დაამუშავა პერფორმანსი, სახელწოდებით LABOR OF LOVE.

პერფორმანსი დაიწყო 29 სექტემბრის საღამოს 7 საათზე და გაგრძელდა 24 საათი.

ამ პერიოდში, ერინ მონტანესი განუწყვეტლივ ბეჭდავდა ფოლიანტს „მშრალ ხიდზე“  შეძენილ ძველ, შეკეთებულ საბეჭდ მანქანაზე. პერფორმანსი მიმდინარეობდა „ამერიკულ პავილიონში“, რომელიც 2014 წელს, BURNING MAN ფესტივალის  არქიტექტორმა, გრეგ ფლეიშმანმა დააპროექტა და ააგო არტ-ვილა გარიყულას ეზოში. ამერიკული პავილიონის ერთერთი პროექტი „ბიბლიოთეკა“ იყო. სწორედ ეს თემა გააგრძელა ერინ მონტანესმა თავისი ნამუშევრით: 24 საათის მანძილზე, ხელოვანი  ამონარიდებს ბეჭდავდა ანტიკური ხანის პოეტების პიესებიდან  და პოემებიდან; ამასთან ერთად,  წერდა საკუთარი შთაბეჭდილებებისა და განცდების შესახებ.

პერფორმანსი  მედეას პერსონაჟის გავლენით შეიქმნა. მისი შინაარსი განპირობებულია მედეაზე და, ზოგადად, ქალზე რეფლექსიით. სათაური LABOR OF LOVE რამდენიმე მნიშვნელობას მოიცავს: „საყვარელი საქმე“, „უანგარო  შრომა“, „სიყვარულის ნაყოფი“

„მედეა დაატარებს ტვირთს სქესთა  და  სხვადასხვა ეთნოსებს შორის დიალოგისა და დაპირისპირების;  დააქვს ქორწინების, დედობის, სახელმწიფოსთან კონფლიქტისა  და ინტელექტის ტვირთი;  ამასთან ერთად - ტვირთი ადამიანურობის უმწეობისა და დანაშაულის.

პერფორმანსის დროს შექმნილი ფოლიანტი და მისი ტექსტი,  სხვადასხვა ეტაპზე, მითო-შემოქმედების მომენტია;  ეს არის ძველი, თბილის ბუდის გადარჩენის მცდელობა;  სერია ერთგულების აქტების, მზრუნველობისა და სასოწარკვეთის.

 

 

საბეჭდი მანქანა და ფოლიანტი თავისი ტექსტით  გარემო სივრცესთან შედის დიალოგში. ხელოვანის კომფორტი და სიმშვიდე  სწორედ ამ კომუნიკაციასა და თავად ბეჭდვის პროცესშია.  ამაში ხედავს ის  პირად პასუხისმგებლობას  საკუთარი ცნობიერებისა და სულიერი შესაძლებლობების მიმართ“.

 

 

უკან დაბრუნება