SPLIT IN

23.10.15

 

23 სექტემბერს,  ცირკის მსახიობებმა პერფორმანსი მოაწყვეს ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. ლატვიელი დანიელა ვეტრა, ესტონელი გრეტე გროსი  და ესპანელი პაბლო დე რადა მონისი   ახალ მიდგომებს ამუშავებენ ცირკისა და პერფორმანსის ხელოვნებაში.

 არტ-ვილის ეზოში შერჩეულ ხუთ ლოკაციაზე - ძველი ინსტალაციების ადგილებში, მათ წარმოადგინეს ფესტივალის თემით - „კომუნიკაციის ელემენტებით“ შთაგონებული ნამუშევარი, სახელწოდებით  SPLIT IN   (გახლეჩა).

 მსახიობებმა ხუთი კომპოზიცია შექმნეს  ემოციური მიჯაჭვულობის, განშორებით გამოწვეული ტკივილისა და მარტოობის  თემაზე; ლოკაციებად გამოიყენეს არტ-ვილის ეზოში, სხვადასხვა წლებში კონსტრუირებული ფრანგული და ამერიკული პავილიონები და  მავთულებისგან გაკეთებული ინსტალაცია „ტვინი“, რომელსაც მსახიობებმა შინაარსი შეუცვალეს და გულის მეტაფორად გარდაქმნეს.  

„ჩვენ უამრავ ენას მივმართავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში - იქნება ეს ბგერების ენა, შეხება, მოძრაობა, მზერის კონტაქტი, მედია და თუნდაც, ძალადობის ენა.
რას გამოვიყენებთ კომუნიკაციისთვის და რამდენად ხშირად - ამას განსაზღვრავს ჩვენი პიროვნება, მოგონებები, ოცნებები თუ სინანული"...

 

ამერიკულ პავილიონში,  კლოუნმა პაბლო დე რადა მონისმა დრამატული შინაარსის კომპაზიცია წარმოადგინა  იაპონური ცეკვა ბუიო-ს ელემენტებით.  სამსაათიანი პერფორმანსი დასრულდა გრეტე გროსის საჰაერო აკრობატიკის სიურრეალისტური კომპოზიციით. მსახიობმა პერფორმანსისთვის არტ-ვილა გარიყულას -  წარსულში ბოლგარსკიაანთ სასახლის პირველი მფლობელის  დროინდელი ორმო-საწყობი გამოიყენა. საჰაერო აკრობატი შეზღუდულ სივრცეში,  ჰამაკებივით ჩამოკიდულ ქსოვილებზე  მოძრაობდა. მაყურებელი მოქმედებას ზემოდან ქვევით უცქერდა.

დანიელა ვეტრა -  ახლახანს დაამთავრა როხელიო რივერის ცირკის სკოლა ბარსელონაში. როგორც გამოცდილი აკრობატი საცეკვაო და თეატრალური განათლებით, ის ცირკისა და პერფორმანსის ხელოვნებაში ახალი მიდგომებს ამუშავებს.
2017 წლის ივლისში, მან KOMETA-ს ფესტივალზე ლატვიაში საცირკო სოფელი შექმნა, სადაც ერთი კვირის მანძილზე,  10 საუკეთესო მსახიობი, პერფორმანსის ფორმატში იმპროვიზირებულ ნამუშევრებს ქმნიდა. 
დანიელას სურვილი აქვს ცირკის, თეატრისა და ცეკვის ელემენტების შეერთებით, ხელოვნების საზღვრები გააფართოვოს და და ამგვარად გამოხატოს

საკუთარი განცდები.

გრეტე გროსი -  ცირკის მსახიობია ესტონეთიდან. დამთავრებული აქვს LAHTI CIRCUS SCHOOL („ლატის ცირკის სკოლა“) ფინეთში. მისი ძირითადი მიმართულება საჰაერო აკრობატიკაა, სადაც ცირკის ელემენტებს ხელოვნების სხვა ფორმატებთან აერთიანებს. 
ნამუშევარი აქვს როგორც სოლო, ასევე ჯგუფურ წარმოდგენებზე ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა BIG WOLFE COMPANY, STUNT THEATRE KAJAKAS, MARGO GROUP და სხვა.
„მოხიბლული ვარ სხვადასხვა მასალებით; განსაკუთრებით მაინტერესებს ფორმის გამომსახველობა, რომელიც კონკრეტულ მასალას - ქსოვილს ახასიათებს. მაინტერესებს ის გრძნობიერი ზემოქმედება, რასაც მასალები და ფაქტურები იწვევს მაყურებელში. ქსოვილი დამყოლია, როცა ძირს ვარდება. მტკიცეა, როცა განასკვულია და რბილი, როცა თავისუფლად მიფრინავს. ჩემი სურვილია საკუთარი სხეულით შევერწყა ქსოვილს“.

პაბლო დე რადა მონისი -  ცირკი მისთვის ბავშვობის ოცნება იყო. თავდაპირველად თვითნასწავლი მსახიობი იყო, შემდეგ როხელიო რიველის საცირკო ხელოვნების სკოლა დაამთავრა და განათლება სტოკჰოლმის ცეკვისა და ცირკის უნივერსიტეტში განაგრძო.

ვარჯიშობს და ავითარებს ერთდროულად რამენიმე საცირკო უნარს: აკრობატიკას, კლოუნადას, ცეკვას, ხელებზე წინასწორობასა და საგნებით მანიპულირებას. 
მუშაობს საუთარ კომპანიებში: SISTERS COMPANY და San Feluko ́s Ashes.
დღესდღეობით, სოლო ნომერზე მუშაობს ZINOM DICHOTOMY - სთან ერთად.
ამას გარდა, მისი ინტერესის საგანი არასაცირკო პერფორმანსია, სადაც ხელოვნების მეშვეობით, სოციალურ უსამართლობას აკრიტიკებს.

 

 

 

 

 

 

უკან დაბრუნება