ნიუ-იორკელი სტრიტ-არტისტები, ICY & SOT, გარიყულას ფესტივალს ხსნიან.

27.05.17

27 მაისს,  ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების  მე-9 საერთაშორისო ფესტივალი, Fest I Nova’17 - კომუნიკაციის ელემენტები  ირანული წარმოშობის ამერიკელი მხატვრების  ნამუშევრებით გაიხსნა.

ხელოვანი ძმები,   შემოქმედებითი ფსევდონიმით ICY & SOT , ხუთი წელია საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში არიან: 2012 წელს გამართული  ტურნეს ფარგლებში, მათ ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში შექმნეს სოციალურ-პოლიტიკური შეინაარსის სტენსილები და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

წელს ისინი პირველად ჩამოვიდნენ საქართველოში,  როგორც Fest ი Nova-ს მონაწილეები   და სტენსილთან ერთად, ეკოლოგიური შინაარსის კონცეპტუალური ობიექტები შექმნეს. სტენსილი - თავრიზის ქუჩაში მიმავალი მოწყენილი პატარა ბიჭუნა, მხატვრების სიტყვით, დღევანდელი ირანული ხელოვნების სიმბოლოა;  არტ-ვილა გარიყულას ეზოში ინსტალირებული  ობიექტები კი  ადამიანი-ბუნების ურთიერთობაზე რეფლექსიას წარმოადგენს. „კაცობრიობა დღეს უშველებელი ოდენობით აწარმოებს პლასტიკატის ბოთლებს და ქილებს, რომლებიც ნარჩენების სახლით  „გვეწებება“, ავსებს მდინარეებს და ოკეანეებს -  ნარჩენებისგან თავისუფალი გარემო ჩვენი ნამუშევრის მთავარი გზავნილია“ - ამბობენ ძმები.

მხატვრებმა არტ-ვილა გარიყულა სწორედ ბუნებრივი გარემოს სილამაზის ნიშნით აირჩიეს თავიანთი ინსტალაციის წარმოსაჩენად. ერთი არტ-ობიექტი შექმნილია სარკით, რომელიც ცას ირეკლავს. მეორე - პლასტიკატის ნარჩენებით, რომლებიც მდინარე თეძამის ნაპირზე მოაგროვეს. პირველი  ბუნებასთან ეკოლოგიურ მიმართებას ასახავს; მეორე - დაბინძურებული გარემოს გავლენას ჩვენზე.

სტენსილი "თავრიზელი ბიჭუნა" მხატვრებმა გარიყულას აჩუქეს.

მხატვრების განმარტებით, საქართველო შეხვედრისა და თავისუფალი შემოქმედების ცენტრია კავკასიის მთელი რეგიონისთვის, სადაც ირანელ, სომეხ, აზერბაიჯანელ, თუ თურქ ხელოვანებს თვითგამოხატვის  განუზომლად დიდი ასპარეზი ეძლევათ.

   ფოტოგრაფიის ავტორი : კოტე გაბრიჩიძე

 ფოტოგრაფიის ავტორი :  ICY & SOT

 ფოტოგრაფიის ავტორი: ICY & SOT 

 ფოტოგრაფიის ავტორი : აბდრეას ჯენესტადი

 

 

უკან დაბრუნება