„გარიყულას სკოლა“

15.08.16

 

14    აგვისტოს,   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მატერიალური მხარდაჭერით,    „გარიყულას სკოლის“   რეგიონული  პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტი  მნიშვნელოვან ზოგად მიზანს  - ხელოვნების დემოკრატიზაციას ემსახურება და  შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდებს კულტურაზე წვდომას უადვილებს; შედეგი  -  ახალგაზრდების  მეტი  ჩართულობა  შემოქმედებით ინიციატივებში, თვალსაწიერისა და საკომუნიკაციო ქსელის გაფართოება, მეტი ინტეგრაცია,  და რაიონებს  შორის კულტურული გაცვლა.

ინიციატივა ძირითადად გათვლილია  იმ  აუდიტორიაზე, რომელიც არ არის გათვითცნობიერებული არც  თანამედროვე ხელოვნების, არც, ზოგადად, ხელოვნების სპეციფიკაში. პროექტის  განხორციელება ხდება სპეციალური კურიკულუმით; ეს უკანასკნელი გულისმობს სისტემატურ სემინარებსა და ვებინარებს;  ახალგაზრდები თანამედროვე ხელოვნების ისეთ ფორმატებს ეცნობიან, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სოციალურ აქტივობასთან   (აქტივიზმი, ეკო-არტი, საჯარო ხელოვნება და ა.შ.)

არტ ვილა გარიყულა , როგორც შიდა ქართლის რეგიონში  მოქმედი,  პრაქტიკულად ერთადერთი საერთაშორისო სტატუსის მქონე კულტურის ცენტრი, ახალგაზრდების შეკრების ადგილი იქნება.  ოთხი თვის მანძილზე, სწორედ არტ ვილა  უმასპინძლებს გორისა და ხაშურის სკოლებისს მოწაფეებს და,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ახალგაზრდებს   აგვისტოს ომით დაზარალებული სოფლებიდან.

პროექტი მომზადდა რეგიონის რამდენიმე სამოქალაქო და საჯარო, ასევე - საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით: „სამოქალაქო საზოგადოების გზამკვლევი“, (გორი), შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდი - არტ ვილა გარიყულა“ (სოფელი გარიყულა), ხაშურის მე-8 საჯარო და გორის  სკოლები, გორის მუნიციპალიტეტის  მერია და  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ჰააგა - თბილისი)

ინიციატივა აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, 4 თვეს გასტანს.

პროექტის ხელმძღვანელი: მერი ბეჟუაშვილი (სამოქალაქო საზოგადოების გზამკვლევი)

პროექტის ავტორი და კურატორი: მაია ჩიკვაიძე (არტ ვილა გარიყულა)

პროექტში ჩართული არიან კვალიფიციური პედაგოგები და ტრენერები.

            

 

უკან დაბრუნება