შავი ხვრელი

26.05.15

ინსტალაცია „შავი ხვრელი“ ოთხი ფრანგი არტისტის: გიიომ ჟეროს, დენოვან ლე კუადოს, ტეო რეველენ ბერნარისა და რომა ტერლეს ეს ერთობლივი ნამუშევარია, რომლითაც ფრანგული პავილიონი გაიხსნა ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების წლევანდელ, მე-7 საერთაშორისო ფესტივალზე.

პრეზენტაცია თბილისის ყოფილი თბოელექტროცენტრალის ნანგრევში გაიმართა, სადაც კულტურის არხი „არტარეა“ ახორციელებს თავის პროექტებს.

ფრანგმა ხელოვანებმა ინსტალაცია არტ-ვილა გარიყულას ორკვირიანი არტისტული რეზიდენციის პროგრამის ფარგლებში მოამზადეს. პროექტის მასალებისთვის  ჭიათურაში იმოგზაურეს, დაათვალიერეს მანგანუმის საბადოები  და თავიანთი მოგზაურობის დოკუმენტაცია შექმნეს.

ინსტალაცია წარმოადგენს მანგანუმით, კვარცის ქვიშითა და ცვილით გამოქანდაკებულ ხელებს, რომლებსაც სანათურის ფუნქცია აქვს. ელექტროქიმია ინსტალაციის მეორე ნაწილია. ესაა ლითონის ფურცლების იონიზაცია, რომელიც დამთვალიერებლის თვალწინ ხდება.

ნამუშევრის მიზანია საბჭოთადროინდელი ინდუსტრიული ობიექტების შესწავლა პოსტსაბჭოთა საქართველოს კონტექსტში, დღემდე შემორჩენილ ინდუსტრიულ ცენტრებში მოგზაურობა და ამ მოგზაურობის მხატვრული გააზრება.

ინსტალაციის მომზადების პროცესში ჩართულნი იყვნენ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები.

 

უკან დაბრუნება