მისია

არტ-ვილა „გარიყულა“ თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული ცენტრია საქართველოში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების შექმნის, წარმოჩენისა და გავრცელების მისიით შეიქმნა.

კასპის ახალქალაქში,  ბოლგარსკების სასახლეში განთავსებული ცენტრი,  მულტიფუნქციურ პლატფორმას წარმოადგენს -  აერთიანებს არტისტების კომუნას, რეზიდენციას, საგამოფენო სივრცესა და ალტერნატიული განათლების ცენტრს. არტ-ვილას შემქნელი და მისი ფუნქციებისა და პროგრამების განმსაზღვრელია ა.ა.ი.პ. „შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდი“.

არტ-ვილა „გარიყულა“ კულტურული გზაჯვარედინია არტისტებისა და სახელოვნებო ინტერესების მქონე ადამიანთათვის, სადაც შემოქმედთა მობილურობის, კონტაქტების ჩამოყალიბებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პირობები იქმნება, ხდება შემოქმედებითი ენერგიის აკუმულირება. აქ თავს იყრიან არტისტები მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან, ცვლიან იდეებს, გეგმავენ ახალ პროექტებს.

არტ-ცენტრი ბაუჰაუზის პრიპციპებსა და მოდერნიზმის, კერძოდ, თბილისური ავანგარდის გამოცდილებას ეყრდნობა. მისი შექმნელი ჯგუფის ერთ-ერთი უმთვრესი ამოცანა, თანამედროვე ხელოვნების ფორმატების გამოყენებით, ახალი აზროვნების დამკვიდრებაა. 

არტ-ვილას მიზნები და ამოცანები:

  • კულტურული კავშირების გაფართოება საერთაშორისო არტ-ცენტრებთან და კომუნებთან თანამშრომლობითა და ინტეგრაციით.
  • კრიტიკული აზროვნების, პრაქტიკული სწავლებისა და კვლევის საერთაშორისო პლატფორმის ჩამოყალიბება.
  • ინტერკულტურული დიალოგის მხარდაჭერა გრძელვადიანი პროგრამების მეშვეობით.
  • ქართველი არტისტების პოპულარიზაცია.
  • კულტურის დეცენტრალიზაცია და კასპის რაიონის ეკონომიკური დაწინაურება.
  • მულტიდისციპლინარული პროექტების განხორციელება რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
  • არტ-ვილაში დაცული თანამედროვე ქართველი და უცხოელი ხელოვანების ნამუშევრების კოლექციის გამდიდრება.