რეზიდენცია

გასული საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, შიდა ქართლის სოფელი ახალქალაქი (ძველი „მეფეთა ქალაქი“ კასპის მახლობლად), შთამბეჭდავი ლანდშაფტითა და ფერთა პალიტრით, ქართველ მხატვართა და კინემატოგრაფისტთა რამდენიმე თაობის შთაგონების წყარო იყო.

ახალქალაქის განაპირას მდებარე არტ-ვილა "გარიყულა" თხუთმეტი წელია სამუშაო გარემოს ქმნის ერთ გუნდად შეკრული არტისტებისთვის.
ცვლილებათა პერიოდში, კოოპერაციისა და სასარგებლო კონტაქტების დამყარების სურვილი უფრო და უფრო აქტუალური ხდება და, ახალ სამყაროში, ხელოვნების როლის ხელახალი გააზრების საშუალებას იძლევა.

ბოლგარსკიაანთ სასახლე, სადაც არტ-ვილაა განთავსებული, 1885 წელს აშენდა. მის მფლობელს - პოლონური წარმოშობის თბილისელ ინჟინერსა და არქიტექტორს, ვასილი ბოლგარსკის საკუთარი ელსადგური და იმ დროისთვის ინოვაციური სარწყავი სისტემა ჰქონდა, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტირების საშუალებას აძლევდა.
გასაბჭოების შემდგომ, საზაფხულო სასახლე ჯერ საჯარისო ნაწილების ბაზად, შემდეგ კი - სკოლა-ინტერნატად გადაკეთდა. ბოლგარსკების ოჯახის ბოლო შთამომავალს, მხატვარ ვერა ბელეცკაიას სასახლეში სამხატვრო სკოლის ჩამოყალიბება სურდა.

ცენტრი
არტ-ვილა "გარიყულას" შემქმნელი არტისტების ჯგუფს ერთი მიზანი ერთიანებს: ახალქალაქში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი, ხელოვნების ყველა მედიის გამაერთიანებელი თანამედროვე ხელოვნების ინფრასტრუქტურა, რომელიც იმავდროულად ურთიერთგაგებისა და დემოკრატიის უნივერსალური ინსტრუმენტი იქნება.
"გარიყულა" მასპინძლობს ყველას, ვისაც სჯერა, რომ ხელოვნების ძალით თანამედროვე ეპოქის კულტურა იქმნება: შეხვედრები, სემინარები, ფესტივალები - ყველაფერი ეს საერთაშორისო მასშტაბს იძენს. "გარიყულა" რეგიონალური ბაზაა ყველა იმ ადამიანისთვის, ხელოვანი იქნება ის, თუ მეცნიერი, ვისაც ქართული კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების გაცნობა სურს.

ბაღი
არტ-ვილას გარშემო 2400 კვ. მეტრი მიწა უმეტესად ხეხილსა და ვენახს უკავია. ნაკვეთის გვერდით მდინარე თეძამი ჩამოდის.
ევროპული არქიტექტურის მქონე სახლის პირველ საერთულზე ქართული მარანია მოწყობილი ქვევრებითა და საწნახელით.