Fest I Nova

ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova 2009 წლიდან ყოველი წლის სექტემბრის დასაწყისში იმართება. იგი არტ-ვილას კონცეფციის, მისი ფუნქციების განხორციელების უმთავრეს ინსტრუმენტია.

Fest I Nova ერთგვარად აგრძელებს წინა საუკუნის დასაწყისის ქართველი მოდერნისტი მხატვრების მიერ დაწყებულ მოძრაობას, რომლითაც ქართული შემოქმედებითი სივრცე პროგრესული არტ-პროცესების მონაწილე უნდა გამხდარიყო და შესაძლებლობა ჰქონოდა საერთაშორისო არტ-ტენდენციებისთვის საინტერესო გამოცდილება მიემატებინა, თუმცა საბჭოთა ისტორიამ ეს განვითარება შეაჩერა.

ფესტივალმა უკვე უმასპინძლა მრავალ არტისტს, რომელთათვის ქართული კულტურული კონტექსტი ნამდვილი აღმოჩენა იყო და დღეისთვის ისინი საკუთარ ქვეყნებში პოპულარიზაციას უწევენ ფესტივალის იდეას და არტ ვილა "გარიყულას" ფართო საკომუნიკაციო ქსელის შექმნაში ეხმარებიან.

ფესტივალი აგრძელებს არტ ვილა „გარიყულას“ ძირითადი მიზნების განხორციელებას:

არტ ვილა გარიყულას ბაზაზე შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პლატფორმა ერთობლივი ინტერკულტურული პროექტების, გაცვლითი პრაქტიკის, ხელოვანთა მობილურობისა და კულტურული დიალოგისთვის

  • დააკავშიროს და ჩააბას ქართველი ახალგაზრდა ხელოვანები თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობებში და მოახდინოს ქართული კულტურის პოპულარიზაცია;
  • ფონდის ხელთ არსებული კავშირების გამოყენებით ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას
  • განახორციელოს მულტიდისციპლინარული კულტურული პროექტები რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშირისო დონეებზე;
  • ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას საქართველოში;
  • ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას.