Fest I Nova - G-15

19 – 30 სექტემბერი

არტ ვილა „გარიყულას“ 15 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფესტივალი

ძალისხმევა გადატვირთვის ზღვარზე უტოპიას რეალობად აქცევს. ის სოფლად პოულობს თავისუფალ სივრცეს და ინოვაციის ფაბრიკას აშენებს.  არტისტები  ახალ განზომილებაში ახდენენ გარღვევას, რომელსაც თავადვე ქმნიან: სასახლე საამქროდ იქცევა,  ეზო - სამშენებლო მოედნად, ბაბილონი ერთ ენაზე იწყებს მეტყველებს, განსხვავებული ხედვები ერთიანი მექანიზმის დეტალებად ეწყობა.

შემოქმედებითი იდეით გამოწვეული მეტამორფოზა Fest I Nova G-15 ის მთავარი მიზანია; G-15 „გარიყულას“ მუდმივი მდგომარეობაა,  რომელიც 2015 წლის  ფესტივალით  არსებობის 15 წელს აღნიშნავს.

საიუბილეო  თავყრილობა განვლილი საფესტივალო თემის - „შერეული ტექნიკის“  ლოგიკური გაგრძელებაა, რომელზეც ხელოვანებმა ინსტალაცია-პავილიონები წარმოადგინეს.

არტ-ვილას ეზო G-15 თემის ფარგლებში  კურატორებს, ხელოვანებს, არქიტექტორებს, შემოქმედებითი ინტერესის მქონე სხვადასხვა პროფესიების ადამიანებს ეთმობათ კონცეპტუალურ პავილიონებში შემოქმედებითი იდეების რეალიზაციისთვის.

უპირატესობა ენიჭება ექსპოზიციის ორგანიზების ახლებურ კონცეფციებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების ყველა ფორმატისთვის იქნება იდეალური.

კონცეფცია G-15 გადატვირთვის ფიზიკური ფენომენის მეტაფორაა. გადატვირთვას ბოლიდების პილოტები და კოსმონავტები განიცდიან დიდი აჩქარებების დროს. სიჩქარე სიმძიმის ძალას ეწინაამდეგება, პილოტი - გადატვირთვას, რომლის ზღვარი გაუვარჯიშებელი ადამიანისთვის,  წამების მეათედების განმავლობაში, G-15-ია.

 

ყარამან ქუთათელაძე

 

 

მაია ჩიკვაიძე

გარიყულა - თბილისი, 2015

Fest I Nova G15  არტ ვილა „გარიყულას“ ტერიტორიაზე,   19 სექტემბერს გაიხსნება.

შერჩეული მონაწილეების გარიყულაში ცხოვრებისა და კვების ხარჯები რეზიდენციის მიერ იქნება უზრუნველყოფილი.

ნამუშევრის შექმნისთვის საჭირო მასალას, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, მთლიანად ან ნაწილობრივ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

garikulaartvilla@gmail.com
https://www.facebook.com/ArtVillaGarikula
599236160